Vertė / Translated by / Traduit par Meri Šalvašvili
* * *
ლუდხანის კართან დგას მენდელსონი –
ვით მარტოხელა ობოლი ცრემლი;
გამოგონებულ მთვარის სურათებს
ვიღაც უჩინრად ლოცავს თუ წყევლის.
ღამისეული მოგონებებით
გასრიალდება ელვა – ბაგეზე,
ვფიქრობ ბავშვებზე... საფეთქლის მიღმა
გაოგნებული დავძრწი, დაგეძებ.
პირველი ბავშვი შენ გგავდა, კარგო.
როგორც წვეთს-წვეთი, ფოთოლს-ფოთოლი,
ნუ გამახსენებ, წამს უნუგეშოს –
სიკვდილის ამბავს, ცრემლით მოყოლილს.
სავსე მთვარეთა სხივით დაზაფრულს,
ნუ მომაგონებ საშიშ ჭრილობას,
სიზმრების მიღმა ახსნილ სახეებს,
დამსხვრეულ სარკის გულახდილობას.
აღარსად მოჩანს უკვე მწვერვალნი,
ო, ღმერთო ჩემო, ზღვებიც გაქვავდნენ.
დამსკდარან ირგვლივ ღვთიური მთანი,
ვერ მოვიტანე დოქი აქამდე –
რომ შენი ხელით შემესვა წყალი,
მეხილა შუქი შენი სხეულის,
გაიყოლიე მდინარისაკენ,
ნაწნავთ სინაზე და განძეული.
ჩემს მუხლთ წინარე გამოიტირე
ჩემი ცოდვა და ჩემი სიცრუე,
სირცხვილის ცელი მიცელავს ფეხებს –
დანაპირები ვერ შეგისრულე.
უხმოდ გასცურე ამ ზღვათა მიღმა,
ელავ, ანათებ მზის ბრწყინვალებით,
შიშველ სხეულზე ვით ანაბეჭდი –
ცხელი აგვისტოს მოჩანს თვალები.
აქვე ბაზარში გიყიდი ჩიტებს,
რომელსაც ძალუძს ფრთები აღმართოს.
აქ ყოველივეს მოძებნი, რაც გსურს,
უნაპიროდ და უმისამართოდ.
აქ არის ლუდი, კოვზი, სასწორი
და ქალბატონი იხვების წყება,
ღმერთო, შენია ეს სილამაზე,
და ჯადოსნური თავდავიწყება.
ოღონდ ნუ მომკლავ, ღმერთო, იოლად
გრძნობის გარეშე უმტკივნეულოდ,
როს ჩავიხუტებ ლოტოსის ყვავილს
დამემშვიდობე მაშინ, სხეულო.
სამშობლო მოჰგავს დაჭრილ მცენარეს,
ნაჯახის დარტყმით დაჩეხილს, შეშლილს,
მოვემართები ლუდის ბარიდან
ნაიარევი ხის ტოტით ხელში.