Vertė / Translated by / Traduit par Meri Šalvašvili
ვილნიუსის გაჩერებანი
მხოლოდ ვარსკვლავებამდე
მეხსიერებას შემორჩება ნაცნობი ბაგე,
მუხლჩაკეცილი შემოკრებს სამყარო ჰანგებს,
ღამით, ვაშლის ხეს დაუნდობლად არხევს ურჩხული
ღამე აქ არის, მანუგეშებს კიდეც ჩურჩულით.
ჩამოვარდება მოწყვეტილი მიწაზე – ვაშლი,
მე დავბრუნდები, დამახვედრებ სარეცელს გაშლილს,
გაფერმკრთალდება ყოველივე, ჩუმდება ბაგე,
მუნჯი კივილით ლაბირინთში გასასვლელს აგნებს.
ცხელი ნაკვერჩხლით სავსე ორმო – გაგიმხელთ სურვილს,
მთვარე ბინადრობს – ქვეშ თქვენი ზღურბლის...
ვინც კი ბრუნდება სახლში – ყლაპავს
თავის წილ ზეცას, მზეს და სინათლეს,
შიშველ მინდორზე ფრინველთა სევდას
როგორც მძიმე ტვირთს, ისე მივათრევ.
უცხო ქალაქი კვლავ იწოვს ბგერებს,
იძირებიან მხეცები ტბაში,
სანაპიროზე მცხოვრები მწერნი
მოგვაგონებენ სურვილებს საშიშს.
მოჩანს შარაგზა აბსურდისა და სიღარიბის
ცოდვებს გაგანდობ ჩუმი, დაღლილი,
ხეებს ქვეშ მოჩანს, ერთი საფლავი –
მარადიული ჩვენი სახლივით.
ღამე ხელს მკიდებს, სადღაც მიმათრევს,
მუხლმოდრეკილი ვნანობ და გვედრი,
ეს არის ჩემი ხვედრი – სიმართლე.
ვაშლის ხეს ვუმზერ ამ გზებზე მხოლოდ.
მოწყალე იყავ, არჩევანი ერთია ჩემთვის.
ვარსკვლავებამდე ვეცემი ბოლოს.